მთავარი პოლიტიკა საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია პერუს რესპუბლიკას ვიზიტით ეწვია

საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია პერუს რესპუბლიკას ვიზიტით ეწვია

0 875

20-21 აპრილს ლიმაში საქართველოსა და პერუს რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-2 რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა, ხოლო პერუს დელეგაციას – საგარეო ურთიერთობათა მინისტრის მოადგილე კლაუდიო დე ლა პუენტე.

ქართული დელეგაციაში იყვნენ ასევე პერუს რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი, ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი დავით ჭოჭუა, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დირექტორი მაია ყიფშიძე, პოლიტიკური დეპარტამენტის მრჩეველი რევაზ ჩხეიძე და საელჩოს მრჩეველი ეკატერინე რეხვიაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა პერუს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეროვნულ კონგრესში, ლიმას სავაჭრო სამრეწველო პალატაში და პერუს დიპლომატიურ აკადემიაში, სადაც, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.

შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, კერძოდ: უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობა, საგარეო უწყებებს შორის კონსულტაციების მექანიზმის შენარჩუნების აუცილებლობა, ორმხრივი ხელშეკრულებები, რეგიონში მიმდინარე მოვლენები, გაეროს ფარგლებში თანამშრომლობა, საკანონმდებლო უწყებებს შორის ურთიერთობები, ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო პოტენციალის გაფართოება.

პერუს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ვიზიტის მსვლელობისას ხელი მოეწერა პერუს დიპლომატიურ აკადემიასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. ასევე გაფორმდა საქართველოსა და ლიმას სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი.

მხარეები შეთანხმდნენ პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი მე-3 რაუნდის მომავალ წელს თბილისში გამართვის თაობაზე.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა პერუს რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულის პილარ დეზას ინაუგურაციის ცერემონია, სადაც მოწვეულნი იყვნენ პერუს რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი