მთავარი პოლიტიკა იუსტიციის სამინისტრომ თბილისის მერიასთან მემორანდუმი გააფორმა

იუსტიციის სამინისტრომ თბილისის მერიასთან მემორანდუმი გააფორმა

0 773

იუსტიციის სამინისტრომ თბილისის მერიასთან მემორანდუმი გააფორმა. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოაწერეს. მემორანდუმის მიზანი მოქალაქეების მაღალი სტანდარტით მომსახურება, საჯარო დაწესებულებების მოდერნიზაცია და ეფექტიანობა, კერძო ბიზნესისათვის კომფორტული გარემოს შექმნა, ასევე, საქართველოსა და მისი დედაქალაქისათვის საერთაშორისო თუ სხვა რეიტინგებში მოწინავე შედეგების უზრუნველყოფაა. ამისათვის იუსტიციის სამინისტრო და ქალაქის მერია ერთობლივად იმუშავებენ მათ დაქვემდებარებაში არსებული საჯარო დაწესებულებების ეფექტიანობის გაზრდის, საჯარო სერვისების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებისა და უწყებებს შორის საქმიანობის კოორდინაციისათვის.

მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და თბილისის მერია ითანამშრომლებენ ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დანერგვის, ელექტრონული მართვის სისტემის გამართვის კუთხით; ერთობლივად უზრუნველყოფენ საჯარო სერვისების ერთი ფანჯრის პრინციპით გაცემას და მომხმარებლისათვის ახალი, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების შეთავაზებას; მოაწესრიგებენ მისამართების ერთიან სისტემას, უზრუნველყოფენ მოქალაქეთა აღრიცხვა-რეგისტრაციასა და კანონმდებლობით დადგენილი წესით გეოგრაფიული ობიექტების სახელდებას.

დოკუმენტი მოიცავს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ქონების მართვის საკითხები, მათ შორის, ქონების რეგისტრაცია; გეოსივრცითი მონაცემების შექმნა, დედაქალაქის მცხოვრებთა ინტერესებზე მორგებული სერვისების შეთავაზება (მათ შორის, სატრანსპორტო სფეროში); თბილისის სტუმრებისათვის კომფორტული და თანამედროვე გარემოს შექმნა მათზე მორგებული სერვისების შეთავაზებით.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი იუსტიციის სამინისტროსა და თბილისის მერიას შორის ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი