მთავარი სამართალი შსს-ს აკადემიაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე ფილმის ჩვენება გაიმართა

შსს-ს აკადემიაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე ფილმის ჩვენება გაიმართა

0 877

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით, აკადემიური პერსონალისა და სამაგისტრო სკოლის სტუდენტებისთვის დოკუმენტური ფილმის „ხმა ამოიღეთ!“ ჩვენება გაიმართა. ფილმი, რომლის რეჟისორი ზურა ინაშვილია, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზეა გადაღებული და მასში საქართველოში მცხოვრები ქალების რეალური ისტორიებია ასახული. ჩვენებას შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი, საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი ერიკა კვაპილოვა, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის სხვა თანამშრომლები, შვედეთის საელჩოს და დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა.

ფილმის ჩვენება მიზნად ისახავს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას, აღნიშნულ სენსიტიურ თემაზე სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობის ჩვენებას და ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობას.

სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ხმა ამოიღეთ!“ გაერო-ს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ მხარდაჭერით, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობითაა გადაღებული. ფილმის პრემიერა 2015 წლის 3 მარტს, გენდერული თანასწორობის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაა. შესაბამისად, უწყება აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მუდმივად მონაწილეობს ღონისძიებებში, რომლებიც ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი