„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს

    0 969

    ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. კომიტეტის წევრების ხმები – 5 მომხრე, 6 წინააღმდეგით გადანაწილდა, საკითხი კი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივით მომზადებულ დოკუმენტს შეეხებოდა. მომხსენებლის, პარლამენტის წევრის, გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, კანონპროექტი 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებულ სავიზო რეგულაციების გამარტივებას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც, „მდიდარი ქვეყნების“ მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლის და გარკვეული ვადით დარჩენის პრობლემური საკითხები მოწესრიგდება. საკითხის წარდგენისას, კანონპროექტის პრინციპების დონეზე მიღების შემთხვევაში, გიორგი კანდელაკმა დოკუმენტში ასახული ნორმების შეცვლის და გადასინჯვის შესაძლებლობაც არ გამორიცხა. კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე დისკუსია გაიმართა. შენიშვნები და მოსაზრებები დოკუმენტის მომხრე და მოწინააღმდეგე მხარეებმა გამოთქვეს. განხილვის პროცესში აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სავიზო რეგულაციების გამარტივებას საპარლამენტო უმრავლესობაც ეთანხმება, აქვე ყურადღების გამახვილებას მთელი რიგი ფაქტორები და მათ შორის, უსაფრთხოების საკითხები საჭიროებენ. „გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებაც. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობაც ამზადებს ცვლილებების პროექტს და კარგი იქნება თუ მოხდება წარმოდგენილი კანონპროექტის და მთავრობის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანხვედრა. კარგად გავიაზროთ საკითხის მნიშვნელობა და შევხედოთ ამ პროცესს ისე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის იქნება საკეთილდღეო“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, რომელმაც კანონპროექტის კენჭისყრაში მიღებაზე თავი შეიკავა.

    კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტიც განიხილეს. საკითხი მთავრობის საპარლამენტო მდივანმა და საგადასახადო ომბუდსმენის მოადგილემ წარმოადგინეს. საკანონმდებლო ინიციატივით საგადასახადო ომბუდსმენის ოფისის რეორგანიზაცია და მისი ახლებურად ჩამოყალიბე ხდება. წარმოდგენილი დოკუმენტით ბიზნეს ომბუდსმენის თანამდებობაზე დანიშვნის, მისი უფლება-მოვალეობის, ფინანსური და ქონებრივი უზრუნველყოფის და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის საკითხები რეგულირდება. კომიტეტმა სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, კანონპროექტთა პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი