მთავარი საზოგადოება უსაფრთხოების სფეროში გენდერულ თანასწორობაზე კონფერენცია გაიმართა

უსაფრთხოების სფეროში გენდერულ თანასწორობაზე კონფერენცია გაიმართა

სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში საქართველოს უსაფრთხოების სფეროში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა.

თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ღონისძიება გახსნა და სიტყვით გამოსვლისას ყურადღება თავდაცვის სამინისტროში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ინსტიტუციონალიზაციის საკითხზე გაამახვილა. მისი თქმით, თავდაცვის უწყება ახორციელებს გენდერული თანასწორობის პრინციპების, ძალადობისა და დისკრიმინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიას და სამომავლოდ კიდევ უფრო გააფართოვებს.

„2015-2016 წლებში გენდერული თანასწორობის და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დაცვის შემდგომი განმტკიცების მიზნით, მრავალმხრივი მონიტორინგის წარმოება იგეგმება. გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების, საგანმანათლებო ღონისძიებების გაფართოებისა და გენდერული მრჩევლის საქმიანობის ინსტიტუციონალიზაციის უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც გარკვეული ნაბიჯების გადადგმაა დაგეგმილი“, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

აღნიშნულ კონფერენციაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში, ელჩი მარიეტ შურმანიც იღებდა მონაწილეობას. მან დამსწრე საზოგადოებასთან გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით ნატოს პოლიტიკაზე ისაუბრა.

ღონისძიებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა. კონფერენციაში მონაწილეობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმაც მიიღეს.

ერთდღიანი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს 1325-ე რეზოლუციის და გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვაში მიღწეული პროგრესი, დაგეგმილი ღონისძიებები და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის საკითხები განიხილეს.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი