მთავარი საზოგადოება სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევები გამოავლინა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მონიტორინგის წლიური პროგრამის ფარგლებში  ხორცის ნიმუშები თბილისის და დასავლეთ საქართველოს ბაგა-ბაღების კვების ბლოკებიდან,  მწარმოებელი და რეალიზატორი ბიზნესოპერატორებიდან აიღო.

გარკვეული სამუშაოების ჩატარების შედეგად, ბათუმის მე-15 და მე-19 საბავშვო ბაღების კვების ბლოკებიდან აღებულ ნიმუშებში  პათოგენური მიკროორგანიზმი ლისტერია მონოციტოგენეზი აღმოაჩინეს.

თბილისსა და დასავლეთ საქართველოს სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებულ ხორცის გაყინული ნახევარფაბრიკატების ნიმუშებში – გაყინული ხინკალი (ი.მ. „ავთანდილ ტარიელიძე”, შპს „ნიქეთი”, შპს „მეგა”, შპს „გაამოთ”), ქაბაბი (შპს „ქართული პროდუქტი”, შპს „სოლო”) და ტოლმა („ნატურალ ფუდი”) ასევე აღმოჩენილ იქნა პათოგენური მიკროორგანიზმი ლისტერია მონოციტოგენეზი.

ასევე, სამტერიის მე-9 საბავშვო ბაღიდან ამოღებულ ნიმუშში აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს დავალებით, საბავშვო ბაღების გაერთიანებამ სრულად გაიწვია აღნიშნული ხორცის პარტია. მის განადგურებაზე ზედამხედველობას განახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

აღსანიშნავია, რომ დღეს დილით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციულ კავშირთან” თანამშრომლობის შედეგად თბილისში, ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, ე. წ. საბურთალოს ბაზრის ტერიტორიაზე გამოვლენილია საქონლის ხორცის არალეგალური საამქრო, რომელიც ეკუთვნის ი.მ „მალხაზ ბუხნიკაშვილს”. საამქროში ხდებოდა საქონლის თავების გადამუშავება და ამ პროდუქციის გამოყენება გაყინული ნახევარფაბრიკატების და ძეხვეულის წარმოებაში.

სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს,  გამოიჩინოს უფრო მეტი ყურადღება ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისა და მომზადების პროცესში.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი