მთავარი სამართალი საია საქართველოს პროკურატურას მიმართავს

საია საქართველოს პროკურატურას მიმართავს

0 686

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტების დროული და ეფექტური გამოძიება უზრუნველყოს. მესამე სექტორში ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” ოცამდე პირმა მიმართა, რომლებიც პოლიციელთა მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ უკანონო და ძალადობრივ ქმედებებზე საუბრობენ. კერძოდ, ისინი აცხადებენ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებისას და შემდგომ პერიოდში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო ზოგიერთი მათგანი ასევე საუბრობს პოლიციის მხრიდან ნარკოტიკული ნივთიერებების და იარაღის ჩადების ფაქტზე.
“ყველა ამ ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს ინფორმაცია მიეწოდათ გენერალურ ინსპექციას და/ან პროკურატურას, საქმეთა უმეტეს ნაწილზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა აღნიშნულ პირთა უმრავლესობას დღემდე არ აქვს საქმეში დაზარალებულის სტატუსი და არ მიეწოდება ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ; ამ პირთა ნაწილი სხვადასხვა ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტებზე პოლიციელთა მიმართ მხოლოდ ერთ შემთხვევაში იქნა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, სხვა შემთხვევებში, მათი დისციპლინური თუ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ამ დროისათვის არ დამდგარა,
შესაძლო დამნაშავე პირების დაკავებისას პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ იმ ვითარებაში, როდესაც ეს მკაცრად აუცილებელია აღნიშნული პირების ქმედების გამო”.აღნიშნეს მათ.
“ასეთ შემთხევაშიც პოლიციას უფლება აქვს გამოიყენოს მხოლოდ არსებული საფრთხის/წინააღმდეგობის პროპორციული ფიზიკური ძალა. ყველა სხვა შემთხვევაში ძალის გამოყენება წარმოადგენს კანონის დარღვევას, ასევე კანონის დარღვევას წარმოადგენს იარაღისა თუ ნარკოტიკის ჩადების ფაქტები, რაზეც მოქალაქეები საუბრობენ. აღნიშნულ ფაქტებზე სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები ვალდებული არიან მოახდინონ სწრაფი და ადეკვატური რეაგირება”, – აცხადებენ საია-ში.
მათივე განმარტებით, მოქალაქეთა მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებულ უკანონო და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ საია-სათვის მიწოდებული ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, პროკურატურა ვალდებულია, ყველა აღნიშნულ შემთხვევაზე აწარმოოს სწრაფი და ეფექტური გამოძიება, ამ პროცესში უზრუნველყოს დაზარალებულთა ჩართულობა და პერიოდული ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ხოლო დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა.
საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღოს ყველა შესაძლო კანონიერი ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული პოლიციელთა მხრიდან კანონდარღვევის ფაქტები, რაც ორგანიზაციის შეფასებით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა პატივისცემას და აკნინებს პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობას;
საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, უზრუნველყოს პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტების დროული და ეფექტური გამოძიება. ორგანიზაცია პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებს ასაჯაროებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი