მთავარი პოლიტიკა პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” განცხადებას ავრცელებს

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” განცხადებას ავრცელებს

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” სამართალდამცველებს ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. “პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” დღეს ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოხატავს შეშფოთებას და აცხადებს, რომ არავის აქვს უფლება გავიდეს სამართლებრივი სივრციდან. პარტია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოიძიონ მომხდარი, რათა გამოვლინდნენ და დაისაჯონ დამნაშავეები.
“ქართული ოცნება” მოუწოდებს თავის წევრებს და მხარდამჭერებს, არ აჰყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ მსგავს პროვოკაციებს, რომელთა მიზანია ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია და შექმნან არეულობის განცდა საზოგადოებაში”.-აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ზუგდიდში “ქართული ოცნების” აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან 21 მარტს დაგეგმილი “ნაციონალური მოძრაობის” აქცია გააპროტესტეს.
ამის შემდეგ “ქართული ოცნების” აქტივისტებმა გადაინაცვლეს “თავისუფალი ზონის” ოფისთან, რადგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იქ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, აკაკი მინაშვილი იმყოფებოდა. სწორედ აქ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რომლის შედეგად დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცავებიც.
დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენეს. ჩაიმსხვარა ოფისის მინები. მინის ჩამსხვრევის შედეგად სერიოზულად დაშავდა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი აქტივისტი.
ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ისევ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გადაინაცვლეს და აქაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. იყო ქვების სროლა.
ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ქართული ოცნების წევრი, ელისო ჩაფიძეც გამოეხმაურა. დეპუტატი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ მსგავს ფაქტებზე მყისიერი რეაგირება უნდა მოახდინოს და არ უნდა დაუშვას მათი წახალისება.
“სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტების მხრიდან შეჩვეულები ვიყავით ძალადობრივ ქმედებებს და განცხადებებს, რომლებიც სცდება სიტყვის თავისუფლებას ეს მიუღებელია. ხელისუფლებას აქვს ვალდებულება არ დაუშვას მოვლენების ასეთი განვითარება,”- აცხადებს დეპუტატი ელისო ჩაფიძე.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი