მთავარი კულტურა ნინა სუბლატი: ‘ყველას მეგობრულად ვურჩევ: ამდენ კრიტიკას სჯობს, მხარში დავუდგეთ ერთმანეთს’

ნინა სუბლატი: ‘ყველას მეგობრულად ვურჩევ: ამდენ კრიტიკას სჯობს, მხარში დავუდგეთ ერთმანეთს’

2015 წლის ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს ნინა სუბლატი წარადგენს. ის 19 მაისს, პირველ ნახევარფინალურ საღამოზე წარსდგება საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე.

NINA

უნდა ითქვას, რომ ნინა ნამდვილად გამოირჩევა თავისი სტილით და იმიჯით, მითუმეტეს იმ შემსრულებლებისგან, რომლებიც აქამდე გასულან კონკურსზე  საქართველოს სახელით.  არც ისე ხშირია, როცა კონკურსანტი ჯერ კიდევ ნახევარფინალამდე, ასეთ დიდ გამოხმაურებას და ყურადღებას იმსახურებს. აღსანიშნავია, რომ ნინას არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მსმენელიც გულშემატკივრობს და ბევრი მათგანი მას უპირობო გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს. გადაჭარბებული შეფასება არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ნინა კონკურსანტებისათვის ძლიერი და ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია.

11 მარტს, ევროვიზია 20015-ის საკონკურსო სიმღერის WARRIOR-ის ოფიციალური ვიდეო კლიპის პრემიერა შედგა, რომელსაც, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უმეტესობა, მათ შორის უცხო ქვეყნების მსმენელები, დადებითად აფასებენ ვიდეო ნამუშევარს, თუმცა, არის კრიტიკული შეფასებებიც.  ყველაზე  საინტერესოა ის, რომ საუბრობენ WARRIOR-ის კლიპისა და ფრანგი შემსრულებელი –  WOODKID-ის სიმღერის IRON-ის ვიდეოს შორის არსებულ შესამჩნევ მსგავსებაზე .

ჩვენ ვესაუბრეთ ნინას და  ვთხოვეთ, კომენტარი გაეკეთებინა ამ საკითხთან დაკავშირებით:

ნინა სუბლატი: “ჩვენი სიმღერის შინაარსიდან, მისი კონცეფციიდან  გამომდინარე, რომელიც ძლიერ ქალზე, მის მებრძოლ ხასიათზეა, კლიპი შავ-თეთრი უნდა ყოფილიყო. ეს აუცილებელი იყო, რათა  ფორმის,  ფერის ბალანსი არ დარღვეულიყო და ფერებით სხვა ემოცია არ მიგვეღო. შენელებული კადრები კი, კარგად აჩვენებს იმ დეტალებს, რომლებზეც გინდა, რომ აქცენტი გააკეთო. ალბათ, თუ ვინმე შავ-თეთრ კლიპს შენელებული კადრებით გადაიღებს, ყველა ერთმანეთს დაემსგავსება, მაგრამ მთავარი შინაარსია – ის  ერთმანეთისგან განასხვავებს კლიპებს. ისე კი, ყველას მეგობრულად ვურჩევ: ამდენ კრიტიკას სჯობს მხარში დავუდგეთ ერთმანეთს ევროვიზიაზე და ზოგადად, ყველა საკითთან მიმართებით. ყველა ქვეყნის წარმომადგენელს თავისი ერი უდგას მხარში. ამხნევებენ, საქებარ სიტყვებს არ იშურებენ სოციალურ ქსელში იმის მიუხედავად, მოსწონთ თუ არა ნამუშევარი. ჩვენთან კი, არტისტს სტრესავენ და, ხშირად, არაობიექტურად აკრიტიკებენ. სჯობს, ყველამ თავის საქმეს მიხედოს და თუ კარგს არ წერენ, არც ცუდი დაწერონ, მითუმეტეს იქ, სადაც მთელი მსოფლიოა ჩართული.”

ასეა თუ ისე, ობიექტურად უნდა ითქვას, რომ ნინას რეალურად აქვს ის პოტენციალი, რამაც შესაძლოა საქართველოს ევროვიზიის 2015 წლის კონკურსის გამარჯვებულის ტიტული მოაპოვებინოს. თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე მუსიკალურ ტენდენციებს, გემოვნებიანი მსმენელის მოთხოვნებს – ნინა ყველა ამ სტანდარტს აკმაყოფილებს.

“საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია” და “შენი მედია გუნდი”  წარმატებას უსურვებს ნინას, ხოლო  მკითხველს მუდმივად შემოგთავაზებთ ევროვიზიის კონკურსთან დაკავშირებულ სიახლეებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი