მთავარი ალექსანდრე ჭელიძის ბლოგი მზის ბნელი მხარე

მზის ბნელი მხარე

თავით-ფეხებამდე შავი ტყავის სამოსში გამოწყობილი მამაკაცი ზღვის ნაპირას დგას, მზეს აჰყურებს და ამბობს: მე მინდა ვიცოცხლო! მისი ნიღაბი სადომაზოხისტის ჩაცმულობას ჰგავს ერთი შეხედვით. თუმცა საქმე გაცილებით რთულადაა, ფილმის მთავარ გმირს რიკის (რომელსაც ბრედ პიტი თამაშობს) უკურნებელი სენი სჭირს – კანის ძალზე იშვიათი დაავადება, რომელიც სასიკვდილო შეიძლება აღმოჩნდეს. რიკის ტყავის ვიწრო ნიღაბი მზის სხივებისგან იცავს, მზის სხივები სასიკვდილოა მისთვის. რეჟისორი ბიჟიდარ ნიკოლიჩი თითქმის ნახევარი ფილმის მანძილზე არ გვაჩვენებს მთავარი გმირის სახეს, საბოლოოდ კი ვიღებთ საოცარ ეფექტს; რიკი ნიღაბს იხსნის დღის შუქზე, სარკის წინ დგას და აცრემლებული თავის თავს პირველად ხედავს სარკეში. რამ აიძულა მას ასეთი ნაბიჯის გადადგმა? რიკი ხვდება მოხეტიალე დასის მსახიობს ფრენსისს და ერთი ნახვით შეუყვარდება იგი. ფრენსისიც არაა მისდამი გულგრილი. იგი მოხიბლულია ნიღბიანი მოტოციკლისტით, რომელსაც კარნავალზე გაიცნობს. არადა ნიღაბი რიკის ბნელი მხარეა, მისი საკანია, „მზესაც ხომ შეიძლებ ჰქონდეს ბნელი მხარე“. ფრენსისს ნიღბიანი რაინდი უყვარს, რომელიც ედგარ ალან პოს სიტყვებით ესაუბრება („მე ბავშვობიდან, ყველაფერს სახვაგვარად ვხედავდი…“), ნამდვილი რიკი მისთვის მხოლოდ მეგობარია…

ფილმის მანძილზე არაერთხელ ისმის ბახის გენიალური ოპუსი, ორმაგი სავიოლინო კონცერტი. არსებობს ამ ნაწარმოების შესანიშნავი ჩანაწერი, სადაც იაშა ხეიფეცი ვიოლინოს ორივე პარტიას თავად ასრულებს. არ ვიცი ფილმის რეჟისორს რამდენად ჰქონდა ეს ჩანაწერი მოსმენილი, მაგრამ მუსიკალური მეტაფორა, თუ მინიშნება ძალიან ზუსტი კი გამოუვიდა, თუნდაც ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევა იყოს. ფილმის მთავარი გმირი, ხომ რიკიცაა და ნიღბიანი რაინდიც, ისევე როგორც  ხეიფეცი ასრულებს ვიოლინოს ორივე პარტიას.

საბოლოოდ ფრენსისი გაიცნობს ნამდვილ რიკის, თუმცა დრო თითქმის აღარ რჩება… ფილმი ნამდვილად დრამატულია, ისევე როგორც მისი შექმნის პროცესი.  გადაღებები 1988 წელს დაიწყო, თუმცა ყოფილ იუგოსლავიაში ომის დაწყების გამო, გარკვეული ხნით შეჩერდა, საბოლოოდ ფილმი დღის სინათლეზე მხოლოდ წლების შემდეგ გამოჩნდა, ისევე როგორც რიკ კლეიტონი.

აქვეა მცირე ფრაგმენტები ფილმიდან. დასაწყისში ბახის ორმაგი სავიოლინო კონცერტიც ისმის.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი