ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებულ ივანე ბეგიაშვილს სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

    0 836

    ინტერპრესნიუსის ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებულ ივანე ბეგიაშვილს სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაო დღეს შეუფარდა. ბრალდებული გირაოს გადახდის შემდეგ პატიმრობიდან გათავისუფლდება. სასამართლო პროცესზე
    პროკურატურა ივანე ბეგიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა დაცვის მხარე მოითხოვდა, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ ყოფილიყო გამოყენებული.
    აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 20 აპრილს ჩაინიშნა.
    შეგახსენებთ, რომ 4 მარტს ”ინტერპრესნიუსის” ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე ვარდების მოედანზე აქციას აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის პროვოკაციაში დაადანაშაულა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია.
    აქციის ორგანიზატორი სამი პოლიტიკური ძალა იყო: “რეფორმატორები”, “თავისუფალი საქართველო” და “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”.
    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი პირი – ივანე ბეგიაშვილი დააკავა.
    გამოძიება ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანება ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი