განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართა

    0 1050

    ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ალტერნატიული ასაკის განსაზღვრის მიზნით, პარლამენტის წევრმა, კობა სუბელიანმა საკანონმდებლო ინიციატივის სახით „ ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მოამზადა, რომელიც დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. კობა სუბელიანის განცხადებით, მშობლებს, სურვილის შემთხვევაში, ბავშვის ფიზიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საშუალება უნდა მიეცეთ, თავად განსაზღვრონ, თუ რა ასაკიდან ისარგებლონ ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლებით იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ასაკი 5 წელს აღემატება.

    „ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი. ამასთანავე, სწავლის დაწყების უფლება უნდა ჰქონდეთ იმ ბავშვებსაც, რომელთა ასაკი 5 წელს აღემატება“ , -განაცხადა კობა სუბელიანმა.

    კომიტეტმა, ხმათა უმრავლესობით, კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილების განხორციელება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

    კომიტეტის თავმჯდომარის, ივანე კიღურაძის განმარტებით, დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება და ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ სახელმწიფოთა უმეტესობაში ზოგადი განათლების საბაზო საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, თუმცა არის ქვეყნები, სადაც სწავლას იწყებენ 5 წლის ასაკიდან. „ამ ასაკში სწავლის დაწყების შემთხვევაში ბავშვმა უნდა ისწავლოს განსხვავებული მიდგომებით და განრიგით, რომელიც არაერთ დასავლურ ქვეყანაშია დანერგილი, თუმცა ამ ეტაპზე ეს ყველაფერი უცხოა ჩვენი საგანმანათლებლო სივრცისათვის. გარდა ამისა, სპეციალისტთა მოსაზრებით, სწავლის დასაწყებად აუცილებელი უნარ-ჩვევები ვითარდება ძირითადად 6 წლის ასაკში“, – განაცხადა ივანე კიღურაძემ. მისივე თქმით, კანონში ამა თუ იმ ასაკობრივი ცენზის დადგენისას, მხედველობაში მიიღება არა მარტო ბავშვის ფსიქოლოგიურ-ინტელექტუალური შესაძლებლობები, არამედ მთლიანობაში საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს სკოლაში არსებულ სწავლების მეთოდებს, კურიკულუმს, ფიზიკურ გარემოს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კვალიფიციურ და სათანადო ცოდნის მქონე მასწავლებელთა კონტინგენტს. კომიტეტის წევრთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტორების გათვალიწინების გარეშე 5 წლის ასაკში სწავლის დაწყება მიზანშეუწონელია.

    კომიტეტის თავმჯდომარის მოსაზრებით, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს არა სწავლის ასაკის ხელოვნურად შემცირებაზე, არამედ მაღალკვალიფიციური პედაგოგიური კადრების მომზადებასა და სათანადო რესურსების მობილიზებაზე, რათა უახლოეს მომავალში საჯარო სკოლებში ან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში შესაძლებელი გახდეს მოსამზადებელი კლასების გახსნა, სადაც 4-5 წლის ბავშვები გაივლიან სკოლამდელ საგანმანათლებლო პროგრამას.

    მისივე თქმით, გასათვალისწინებელია საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დასკვნა, რომლის მიხედვით, აღნიშნული ცვლილების განხორციელება გამოიწვევს მოსწავლეთა კონტინგენტის მნიშვნელოვან ზრდას, რაც შესაბამისად გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე და, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, საჭიროებს საქართველოს მთავრობის თანხმობას.

    პარლამენტის წევრის, სერგო რატიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე , რომელიც სხდომის დღის წესრიგით დღევანდელ სხდომაზე უნდა განეხილათ, კომიტეტმა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი