მთავარი რეგიონი დემოკრატიის ინსტიტუტი: 13 მარტის სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე არჩეულად არ...

დემოკრატიის ინსტიტუტი: 13 მარტის სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე არჩეულად არ უნდა ჩაითვალოს

დემოკრატიის ინსტიტუტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევისა და თავმჯდომარის მოვალეობის დროებით შესრულების შესახებ განცხადებას ავრცელებს. რომელსაც უცვლელად გთავზობთ.
“2015 წლის 13 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ფარული კენჭისყრით, გაიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევნები. როგორც ცნობილია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის მიზნით, სამჯერ ჩატარებული ფარული კენჭისყრის შემდეგ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დარღვევის მოტივით კენჭისყრის შედეგები არ სცნო და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი არ დააყენა კენჭისყრაზე დასამტკიცებლად, რის შემდეგაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის მოტივით სხდომა დახურულად გამოაცხადა და დატოვა სხდომათა დარბაზი.

თავმჯდომარის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ, დარბაზში დარჩენლი დეპუტატებიდან ასაკით უხუცესმა წევრმა გააგრძელა სხდომა, კენჭისყრაზე დააყენა თავმჯდომარის მოადგილის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი და თავმჯდომარის მოადგილედ, უმაღლესი საბჭოს 8 წევრის ხმით, არჩეულად გამოცხადდა ჯემალ ფუტკარაძე.

’’ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ,,საქართველოს ნორმატიულ აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მიმართ’’.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ძირითადი კანონი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას“
აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი წარმოდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ (სამართლებრივ) აქტს და გამომდინარე აქედან ის უნდა შეესაბამებოდეს უფრო მაღალი იურიდიული ძალის მქონე აქტებს, კერძოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ საქართველოს კონსტიტუციურ კანონს და საქართველოს ორგანული კანონით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.
უნდა აღინიშნოს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუცია, რომელიც მიღებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ 2008 წლის 20 თებერვალს და დამტკიცდა საქართველოს ორგანული კანონით 2008 წლის 15 ივლისს, ამოქმედდა 2008 წლის 04 აგვისტოდან. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ მოქმედებს მხოლოდ ის სამართლებრივი აქტი, რომელიც არ ეწინააღმდეგება ამ კონსტიტუციას.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-15-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: ’’აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო თავისი უფლებამოსილების ვადით, რეგლამენტით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს’’. ანუ, კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილის არჩევის 4 უმთავრეს პირობას:
1) თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე უნდა აირჩეს უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადით;
2) თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილის არჩევნების წესი დადგენილი უნდა იყოს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით;
3) თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილის არჩვენები უნდა ჩატარდეს ფარული კენჭისყრით;
4) თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე უნდა აირჩეს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.
გამომდინარე აღნიშნულიდან, ყველა სხვა წესი, პირობა, რაც განსაზღვრული არ არის კონსტიტუციით, განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით ანუ სხვა ყველაფერი გარდა ზემოდ ნახსენები ოთხი პირობისა.
რა წესს ადგენს აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი:
თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში, რეგლამენტი იმეორებს კონსტიტუციით დადგენილ პირობებს (ვადა, ფარულობა, რაოდენობა) და დამატებით ადგენს ქვორუმის არსებობის პირობას (46-ე მუხლის მე-6 პუნქტი). ასევე ადგენს პროცედურებს ორი და ორზე მეტი კანდიდატის არსებობის, ხმების გაყოფის და სხვა გარემოებების გათვალისწინებით. თუმცა ყველა შემთხვევაში თავმჯდომარის ასარჩევად აუცილებელია: 1) ქვორუმის არსებობა (სიითი შემდგენლობის ორი მესამედი, რაც მოცემულ შემთხვევაში არის 14 დეპუტატი) და 2) კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს მინიმუმ სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა (რაც მოცემულ შემთხვევაში არის 11 დეპუტატი).
რაც შეეხება თავმჯდომარის მოადგილის არჩევას – რეგლამენტის 53-ე მუხლი, წინააღმდეგობაში მოდის არა მარტო აჭარის კონსტიტუციასთან, არამედ თავად რეგლამენტის სხვა მუხლებთან. კერძოდ: 53-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ თავმჯდომარის მოადგილის არჩევა უნდა მოხდეს რეგლამენტის 47-ე მუხლით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტით, ასევე განმეორებით უთითებს, რომ მოადგილის არჩევა უნდა მოხდეს უშუალოდ თავმჯდომარის არჩევისათვის დადგენილი წესით და პირობებით, თუმცა იმავე რეგლამენტის 53-ე მუხლის, მე-4 პუნქტი ითვალისწინებს კონსტიტუციის მე-15 მუხლის, ასევე რეგლამენტის 46-ე და 47-ე მუხლებისაგან (რეგლამეტის 53-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტი აკეთებს ე.წ. ,,გადამისამართებას“ 46-ე და 47-ე მუხლებზე) განსხვავებულ პირობებს, კერძოდ: რეგლამენტი კონსტიტუციისგან განსხვავებით დამატებით ადგენს, რომ თუ წარდგენილმა კანდიდატმა ხმების საჭირო რაოდენობა (11 ხმა) ვერ მიიღო, მისი წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს (საბჭოს თავმჯდომარე, ფრაქცია, საბჭოს სამი წევრი) უფლება აქვთ წარადგინონ ახალი კანდიდატი. თუ ვერც მან მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა (11 ხმა), ორივე კანდიდატს ერთად ეყრება კენჭი და არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების მეტ რაოდენობას, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს (7 ხმა). თუ ორივე კანდიდატმა ხმათა თანაბარი რაოდენობა მიიღო, არჩეულად ჩაითვლება პირველად წარდგენილი კანდიდატი. ანუ ამ პუნქტმა კონსტიტუციისაგან განსხვავებით შეცვალა თავმჯდომარის მოადგილის არჩევისათვის დადგენილი ორი უმთავრესი პირობა: 1) კონსტიტუციით დადგენილი სიითი შემადგენლობის პირობა შეცვალა სრული შემადგენლობით (რაც დღევანდელ მდგომარეობაში მათემატიკურად ერთი და იგივე რაოდენობა გამოდის, თუმცა სამართლებრივად სხვა მოცემულობაა) და 2) თავმჯდომარის მოადგილის არჩევისათვის კონსტიტუციით დადგენილი ხმათა რაოდენობა ,,ნახევარზე მეტი“ შეცვალა ,,ერთი მესამედით“ და უფრო მეტიც, დაემატა კიდევ ერთო პირობა – ,,თუ ორივე კანდიდატმა ხმათა თანაბარი რაოდენობა მიიღო, არჩეულად ჩაითვლება პირველად წარდგენილი კანდიდატი”.
ფაქტია, რომ რეგლამეტის ეს ნორმა (53-ე მუხლის მე-4 პუნქტი) ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტს, ასევე რეგლამენტის 53-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებს და ამავე პუნქტებიდან გამომდინარე რეგლამენტის 46-ე და 47-ე მუხლებს. არანაირი სამართლებრივი წინააღმდეგობა არ იქნებოდა კონსტიტუციასთან თუკი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში არ იარსებებდა ფორმულირება – ,, ..უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევრაზე მეტი..“, მსგავსად საქართველოს კონსტიტუციისა, სადაც არ არის დაკონკრეტებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილეების არჩევისათვის სავალდებულო ხმათა რაოდენობა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო თავისი ინიციატივით ვერ შეცვლის იმ პირობებს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ორგანული კანონით დამტკიცებული კონსტიტუციით უკვე დაადგინა. რადგანაც სადავო იყო რეგლამენტის კონსტიტუციასთან შესაბამისობა, უმაღლეს საბჭოს უნდა გადაედო აღნიშნული საკითხის განხილვა ნორმათა შესაბამისობის დადგენამდე, ან თავმჯდომარის მოადგილის არჩევისას ეხელმძღვანელა კონსტიტუციით, როგორც უმაღლესი საბჭოს რეგლამენტზე მაღალი იურიდიული ძალის მქონე აქტით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჩაითვლება არჩეულად თუ:
1) თავმჯდომარის მოადგილის არჩევას მხარს დაუჭერს საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ნახევარზე მეტი (11 დეპუტატი)
2) თავმჯდომარის მოადგილის არჩევისათვის ქვორუმი იქნება სიითი შემდგენლობის ორი მესამედი, რაც მოცემულ შემთხვევაში არის 14 დეპუტატი (როგორც საჯაროდ ცნობილი გახდა 2015 წლის 13 მარტის სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა 13-მა დეპუტატმა).

გარდა აღნიშნულისა, ამავე სხდომაზე დაფიქსირდა კიდევ ერთი განსაკუთრებული შემთხვევა: უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ არ სცნო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგები და არ დააყენა კენჭისყრაზე თავმჯდომარის მოადგილის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ქვორუმის არ არსებობის (რეგლამეტის 53-ე მუხლის მე-6 პუნქტის და 46-ე მუხლის მე-6 პუნქტი) გამო საერთოდ არ უნდა დაეყენებინა კენჭისყრაზე მოადგილის არჩევნების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ქვორუმის არარსებობის პირობებში, თავმჯდომარის მოადგილეობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობა (11 ხმა), თავმჯდომარის მოადგილის არჩევნების საკითხი, მოადგილის არჩევის გარეშე, უნდა ჩათვლილიყო დასრულებულად და საბჭოს თავმჯდომარე უნდა გადასულიყო დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხზე. ამავე საკითხზე საჭოს სხდომა აღარ უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა კენჭისყრა გაგრძელდა კონსტიტუციასთან შეუსაბამო, სადავო პროცედურებით. საბჭოს თავმჯდომარემ კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ აღარ გააგრძელა პროცედურა კენჭისყრის შედეგების შესაბამისად საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის დამტკიცების მიზნით, რაც არასწორია, რადგანაც ’’დადგენილება’’ წარმოადგენს უმაღლესი საბჭოს მიერ გამოვლენილი ნების წერილობით ფორმაში ასახულ გადაწყვეტილებას და ამ ეტაპზე უკვე აზრს მოკლებულია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ქმედება. ვფიქრობთ, დადგენილების მიღება უკვე ტექნიკური ხასიათის პროცედურაა და სხდომის თავმჯდომარეს კენჭისყრაზე უნდა დაეყენებენა დადგენილების პროექტი, მით უფრო, რომ ამ დადგენილების მიღება-არ მიღებით სამართლებრივი შედეგი მაინც არ იცვლებოდა (კენჭისყრა და დადგენილება კონსტიტუციის დარღვევით იქნებოდა მიღებული). შესაბამის უფლებამოსილ მხარეს შეეძლო გაესაჩივრებინა ეს დადგენილება სასამართლოში მისი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების მოთხოვნით.

გარდა ამისა, 2015 წლის 13 მარტს უმაღლეს საბჭოში დაფიქსირდა კიდევ ერთი არაორდინალური შემთხვევა. მას შემდეგ, რაც საბჭოს თავმჯდომარემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ამოწურვის მოტივით დახურა სხდომა და დატოვა სხდომათა დარბაზი, სხდომათა დარბაზში დარჩენილმა დეპუტატებმა გაგრძელეს სხდომა, რომელსაც გაუძღვა არა საბჭოს თავმჯდომარე, ან მოადგილე, არამედ სხდომათა დარბაზში მყოფი საბჭოს უხუცესი წევრი, რომელმაც კენჭისყრაზე დააყენა თავმჯდომარის მოადგილის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი, რომლის მიღების შემდეგ, საბჭოს თავმჯდომარის ადგილი დაიკავა სხდომაზე მყოფი საბჭოს წევრების აზრით არჩეულმა თავმჯდომარის მოადგილემ (როგორც სხდომის თავმჯდომარემ).
უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 52-ე მუხლი არეგულირებს შემთხვევას, როდესაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს არ შეუძლია უფლებამოსილების განხორციელება, ან გადადგება თანამდებობიდან. ასეთ შემთხვევაში, თუ თავმჯდომარის მოადგილის მიერაც შეუძლებელია თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება, უმაღლესი საბჭო დადგენილებით ერთ-ერთ კომისიის თავმჯდომარეს ავალებს საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას, ხოლო მანამდე სხდომას უძღვება საბჭოს უხუცესი წევრი (რეგლამენტის მიხედვით უხუცესი წევრი უნდა იყოს, ის პირი, ვინც უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში ასაკით უფროსია და არა ის, ვინ სხდომას ესწრება. როგორც ცნობილია, ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოში უხუცესი წევრია ბატონი ირაკლი ჯაში). ფაქტია, რომ საბჭოს თავმჯდომარე იმყოფებოდა საბჭოს შენობაში და შეეძლო სხდომის თავმჯდო-მარეობა, ამასთან მან სხდომა გამოაცხადა დახურულად, შესაბამისაც, მის ნაცვლად საბჭოს სხდომაზე მყოფი უხუცესი წევრის მიერ სხდომის გაგრძელება არასწორია. სხვა შემთხვევაში საბჭოს უხუცესი წევრი უძღვება სხდომას ახლადარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე, თავმჯდომარის არჩევამდე, თუმცა 2015 წლის 13 მარტს არც ეს გარემოება არ არსებობდა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 13 მარტის სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე არჩეულად არ უნდა ჩაითვალოს, ხოლო კენჭისყრის შედეგები და მის საფუძველზე მიღებული დადგენილება უნდა გაუქმდეს”. -ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი