მთავარი განათლება ბათუმის შ.რ.ს უნივერსიტეტში რექტორი ვერ აირჩიეს

ბათუმის შ.რ.ს უნივერსიტეტში რექტორი ვერ აირჩიეს

0 1959

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორი ვერ აიჩიეს. თავდაპირველად საარჩევნო კომისიაში რვა კანდიდატი იყო დარეგისტრირებული– რამაზ ხალვაში, ირაკლი ბარამიძე, მალხაზ ნაკაშიძე, მანუჩარ ლორია, ბესიკ ბერიძე, ანთაზ ქიქავა, მარინა გიორგაძე და როსტომ ბერიძე. თუმცა, 13 მარტს როსტომ ბერიძემ მოხსნა კანდიდატურა, არჩევნების დღეს, 16 მარტს კი ბესიკ ბერიძემ.
გუშინ დილის 11 საათიდან უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ კანდიდატების სამოქმედო გეგმების მოსმენა დაიწყო. შემდეგ კი კითხვა–პასუხის რეჟიმში გადავიდნენ. რვა წევრისგან შემდგარ უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს – აკადემიურ საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით (5 ხმა), ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით უნივერსიტეტის რიგით მე–19 რექტორი უნდა აერჩია, მაგრამ, საღამოს 5 საათზე, არჩევნები ჩაშლილად გამოცხადდა.

11068869_797569273652058_127606069_n

–ამ ეტაპზე უნივერსიტეტს ახალი რექტორი არ ჰყავს. კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ანთაზ ქიქავამ – 3, ირაკლი ბარამიძემ – 2, მანუჩარ ლორიამ – 2 და მალხაზ ნაკაშიძემ ერთი ხმა მიიღეს. რაც შეეხება მარინა გიორგაძეს და რამაზ ხალვაშს, კანდიდატებმა ვერც ერთი ხმა ვერ მიიღეს. არც მეორე ტური ჩატარდა, რადგან, ამისთვის უნდა გამოვლენილიყო საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი.ამდენად, საჭიროა აკადემიურმა საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება და ხელახლა გამოაცხადოს რექტორის არჩევნები უნივერსიტეტის წესდებისა და საარჩევნო დებულების შესაბამისად. მას შემდეგ, რაც აკადემიური საბჭო არჩევნებს გამოაცხადებს, საჭიროაერთთვიანი ვადა გავიდეს, ამის შემდეგ დაიწყება კანდიდატთა რეგისტრაცია, რაც ათ დღეს გაგრძელდება. ხოლო რეგისტრაციის დასრულებიდან ერთ კვირაში ჩატარდება რექტორის არჩევნები. ამ ეტაპზე რექტორის მოვალეობას, სავარაუდოდ, ირაკლი ბარამიძე შეასრულებს, იმ დრომდე, ვიდრე აკადემიური საბჭო არ დანიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებს. რექტორის მოვალეობის შემსრულებელს კი უნივერსიტეტის მთლიანი აკადემიური პერსონალი აირჩევს, – უთხრა ჟურნალისტებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი დიასამიძემ.
შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის რექტორმა ალიოშა ბაკურიძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გათავისუფლების შესახებ აკადემიურ საბჭოს 20 იანვარს მიმართა. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები კი 22 იანვარს გამოცხადდა. ალიოშა ბაკურიძე რექტორის თანამდებობაზე აკადემიურმა საბჭომ პირველად 2008 წლის 5 მაისს აირჩია, მეორედ კი 2012 წლის 5 მაისს, ოთხწლიანი ვადით.
თუ ვინ გახდება შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ამას მომავალი არჩევნების შემდეგ გავიგებთ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი