მთავარი სამართალი არასრულწლოვნებს სასჯელის მოხდის შემდეგ ნასამართლეობა გაქარწყლებულად ჩაეთვლებათ

არასრულწლოვნებს სასჯელის მოხდის შემდეგ ნასამართლეობა გაქარწყლებულად ჩაეთვლებათ

0 809

“საქართველოს მთავრობამ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტი დაამტკიცა, რომელიც 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის სპეციალიზებული, ევროპული სტანდარტებისა და გაერო-ს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანილი მართლმსაჯულების სისტემის შექმნას ითვალისწინებს. მისი მთავარი სიახლე 18 წლამდე ასაკის პირებისათვის მართლმსაჯულების სპეციალიზებული ინსტიტუტის შექმნაა. ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ საქართველოში იქნებიან სპეციალიზებული პოლიციელები, გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც ბავშვების საქმეებს გამოიძიებენ და განიხილავენ, რასაც სახელმწიფოებს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ავალდებულებს”. ამის შესახებ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ახალი კოდექსი ერთ საკანონმდებლო აქტში აერთიანებს არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის პროცესის, სასჯელაღსრულების და სხვა საკითხების მარეგულირებელ ნორმებს და აწესებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ახალ სტანდარტსა და მექანიზმებს.

“უცვლელი რჩება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი, რაც ისევ 14 წლით განისაზღვრება. სისხლის სამართლის დევნასთან მიმართებაში უპირატესობა ენიჭება აღდგენითი მართლმსაჯულების და მედიაციის, აგრეთვე, განრიდების ინსტიტუტებს. პატიმრობის, როგორც სასჯელის ფორმის, გამოყენება არასრულწლოვანთან მიმართებაში მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე იქნება შესაძლებელი და მისი მაქსიმალური ზომა 10-15 წლით განისაზღვრება. იკრძალება არასრულწლოვნისათვის უფრო მაღალი სასჯელის და უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება. ეს მიდგომები არასრულწლოვნებისადმი აღარ იქნება დამოკიდებული ბრალდების მხარის კეთილ ნებაზე, პრაქტიკაზე, არამედ წარმოგვიდგება როგორც ინსტიტუციურად გარანტირებული.

ახალი კოდექსის მიხედვით, ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე ბავშვისთვის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება, ნასამართლობის მოხსნა კი სასჯელის მოხდისთანავე მოხდება; თუმცა, თუ ადრე გასამართლებული არასრულწლოვანი დანაშაულს განმეორებით ჩაიდენს, სასჯელის დანიშვნის დროს მისი ნასამართლობა მხედველობაში მიიღება. შესაბამისად, კოდექსის მთავარი მიზანი არასრულწლოვნისათვის რესოციალიზაციის შანსის მიცემაა.

ასევე, პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვნისათვის ბრალდებულად ყოფნის ვადა 9-დან 6 თვემდე მცირდება. ნიშანდობლივია, აგრეთვე, რომ ბავშვებთან მიმართებაში მოწმის დაკითხვის ახალი წესი იმოქმედებს. რაც შეეხება სასჯელის მოხდის პირობებს, კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანი ბრალდებული არ შეიძლება განთავსდეს სრულწლოვანთან ერთად არათუ ერთ საკანში, არამედ ერთ დაწესებულებაშიც კი.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პირველი პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტრომ 20 იანვარს გამართა და პროექტი სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წარუდგინა. სპეციალური დისკუსია მოეწყო ყვარელში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, აგრეთვე, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით; 28 იანვარს კი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პროექტის პრეზენტაცია საერთაშორისო საზოგადოებისათვის გამართა და ის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მსოფლიო კონგრესის მონაწილეებს წარუდგინა. კოდექსის საჯარო განხილვა 5 თებერვალს დასრულდა, გამოთქმული წინადადებები და შემოსული შენიშვნები დამუშავდა და მათი ნაწილი საბოლოო დოკუმენტში აისახა, რომელიც იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტი იუსტიციის სამინისტრომ სხვა უწყებებთან თანამშრომლობით, ქართველი და უცხოელი ექსპერტების, ასევე, ევროკავშირისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეკომენდაციების საფუძველზე ევროკავშირის პროექტის − „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ − თანადგომით მოამზადა”.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი