მთავარი ეკონომიკა ვაზისუბნის მოსახლეობა მთავრობის სახლთან აქციის გამართვას გეგმავს

ვაზისუბნის მოსახლეობა მთავრობის სახლთან აქციის გამართვას გეგმავს

0 1843

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მდებარე რომანოვების ყოფილი სასახლე  და მის გარშემო არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც საძოვრებისთვის იყო განკუთვნილი შპს „ვაზისუბნის მამულმა“ შეიძინა. მოსახლეობის თქმით ხელისუფლებას არ ქონდა, მიწის უკანონოდ გაყიდვის უფლება.

სოფლის მცხოვრებთ თუ  კუთვნილ საძოვრებს არ დაუბრუნებენ, 18 თებერვალს მესაქონლეები პირუტყვის თბილისში, მთავრობის სახლთან გადარეკვას და აქციის გამართვას გეგმავენ.

„სოფელს ადრეც გაუყიდეს საძოვრები. ახლა საცდელი ბაზის მიმდებარედ დარჩენილი საძოვრებიც გაგვიყიდეს. ჩვენი საძოვრები მიზერულ ფასად გაიყიდა, ერთი  კვადრატული მეტრი – 8 თეთრად. 57 ჰექტარი დაახლოებით,  –  50 000 ლარად”, –აცხადებს ადგილობრივი გიორგი სოლომნიშვილი.

ადგილობრივების თქმით, მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის გზით, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეზეა გასხვისებული. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ახალი მეპატრონე საძოვრებზე ვენახის გაშენებას გეგმავს. ასევე, აპირებს სასახლეზე მესამე სართულის დაშენებასა და მის სასტუმროდ გადაკეთებას, რაც დაუშვებელია, რადგან შენობა ისტორიული ძეგლია.

„აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელიც სულ 60 ჰექტარს შეადგენს,  ჩვენ მხოლოდ 35 ჰექტარი პირდაპირი შესყიდვების გზით შევიძინეთ, ის  ყოველთვის სახნავ-სათესი იყო, შესაბამისად საძოვრებისთვის არ იყო განკუთვნილი, რაც რეესტრშიც შეუძლიათ დაგიდასტურონ. ყველა კანონის დაცვით ვაპირებთ, რომ აქ იყოს სასტუმრო, ასევე ვგეგმავთ ძველი იერსახის აღდგენას. მიშენებებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ, რადგან ამ ეტაპზე პროექტის დასრულებული ვერსია არ გვაქვს და როცა შევჯერდებით, ის იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი, აქვე დავამატებ, რომ  თუ  პროექტი განხორციელდება, ჩვენი მიზანია შატოს სტილის ვენახის გაშენება, თავისი მარნით“,  – განაცხადა humanrights.ge-სთან საუბრისას შპს „ვაზისუბნის მამულის“ დირექტორმა  მალხაზ ჩუგოშვილმა.

ვაზისუბნის მოსახლეობის თქმით, თითოეულმა მოსახლემ საკუთარი მამულებიდან 0,25 ჰექტარი დათმო, რათა სოფელს საძოვარი მიწები ჰქონოდა. ვაზისუბნის მოსახლეობის განცხადებით, მათ ადრეც შეიტყვეს საძოვრების გასხვისების შესახებ, ამიტომ განცხადებით მიმართეს გურჯაანის გამგეობას, ამ უკანასკნელმა კი მოსახლეობის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

„მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ადგილობრივ ხეისუფლებასთან, გუბერნატორთან, შევთავაზეთ, რომ გამოყონ ადგილი, თუნდაც იყოს მაყვლოვანი, ჩვენ უზრუნველვყოფთ ტერიტორიის ტრაქტორით გასუფთავებას, რომ მოსახლეობამ საძოვრებისთვის გამოიყენოს. ასევე საუბარია,  შეძენილი მიწის ნაკვეთის 25 ჰექტარზე უარი ვთქვათ და სახელმწიფოს დავუბრუნოთ, თუმცა ამით პრობლემა ვერ მოგვარდება, რადგან სხვა ინვესტორი გამოჩნდება და ისევ შეიქმნება გარკვეული სირთულეები“, – განაცხადა, მალხაზ ჩუგოშვილმა.

2014 წლის 11 მარტს გურჯაანის გამგეობა ოფიციალურ შეტყობინებას უგზავნის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი  მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ, ზურაბ არსენიშვილს.

„ბატონო ზურაბ, თქვენი 2014 წლის 12 თებერვლის № 133 მომართვის საფუძველზე გაცნობებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა არ არის თანახმა, სახნავი მიწის ფართობების პრივატიზება მოხდეს. აღნიშნული ნაკვეთები, ფაქტობრივად, სოფლის მიმდებარე საძოვრებს წარმოადგენს, რომლითაც სოფლის მოსახლეობა ყოველწლიურად სარგებლობს, რის გამოც კატეგორიული წინააღმდეგი არიან პრივატიზებისა”, – ნათქვამია მიმართვაში.

მიუხედავად ვაზისუბნის მოსახლეობის პროტესტისა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 2014 წლის 13 მაისის განკარგულებით, სოფელ ვაზისუბნის საძოვრები პირდაპირი მიყიდვის გზით გადაეცა შპს „ვაზისუბნის მამულს“ 700 000 ლარის ინვესტიციების გასახორციელებლად.

შპს „ვაზისუბნის მამულის“ დირექტორი მალხაზ ჩუგოშვილია. სოფლის მოსახლეობის თქმით, ის, პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩევლის თამარ ჩუგოშვილის მამაა. კომპანიის დამფუძნებელი კი, ბიზნესმენი, თიბისი ბანკის მეპატრონე მამუკა ხაზარაძეა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოფლის მოსახლეობას გაყიდული საძოვრების ზემოთა მხარეს არსებული 15 ჰექტარი ტყის გაკაფვა და ნაკაფის საძოვრებად გამოყენება შესთავაზა. სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობის განცხადებით, საძოვრებს ზემოთ მდებარე ტყის გაკაფვა კიდევ უფრო დაუშვებელია და მძიმე ეკოლოგიურ პრობლემებს გამოიწვევს.

„მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე გვთავაზობენ, საძოვრების ზემოთ მდებარე ტყეს გაგიკაფავთო. ჩვენი წყლის სათავეზე მიდის საუბარი. 15 ჰექტარი ტყის გაჩეხვა სიცოცხლის მოსპობას ნიშნავს. ამასთან იქ წყლის სათავეა და წყლის სათავე რომ განადგურდება, ის არავის აღარ აინტერესებს. იმ შემთხვევაში, თუ საძოვრებს არ დააბრუნებენ,ძროხებს თბილისში გადავრეკავთ”, – აცხადებენ ადგილობრივები.

სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობამ ხელახლა შეაგროვა ხელმოწერები და 2015 წლის 30 იანვარს ერთობლივი განცხადება გაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი ხელისუფლების პირობებში ჩადენილია ენით აუღწერელი უსამართლობა. არ შეიძლება, ერთი ადამიანის სიხარბესა და გაუმაძღრობას შეწიროთ სოფელ ვაზისუბნის 2 000-მდე ოჯახის ინტერესი და ჩვენი ოჯახების მარჩენალი საქონელი საძოვრების გარეშე დატოვოთ. ჩვენ ეს ხელისუფლება იმისთვის არ აგვირჩევია, რომ შიმშილით დაგვხოცოს. ამ უსამართლობის გამო იძულებული ვხდებით, პროტესტის ნიშნად, ამა წლის 18 თებერვალს, ჩვენი სოფლის საქონელი, დაახლოებით, 1 000 სული ძროხა ჩამოვიყვანოთ თბილისში, მთავრობის კანცელარიის, ბიძინა ივანიშვილის სახლსა და მამუკა ხაზარაძის თიბისი ბანკის წინ. თუ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არ ესმის ხალხის ხმა, მაშინ ხელისუფლებამ ისმინოს მშიერი ძროხების ბღავილი“, -აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს  700 მოსახლე აწერს.

 

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი