მთავარი ადამიანის უფლებების დაცვა ადამიანის უფლებათა ცენტრი მოქალაქის პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოქალაქის პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე

ადამიანის უფლებათა ცენტრმა 17 იანვარს პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში, მოქალაქის პოლიტიკური დევნის შესახებ  პრესკონფერენცია გამართა. ისინი შეშფოთებულები არიან ხელისუფლების მხრიდან ნატო უსენაშვილის დევნის ფაქტით, რამაც სისტემური ხასიათი მიიღო.

ნატო უსენაშვილი 2012 წლის 20 ივლისს დაინიშნა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორად. 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე კი იგი იყო სიღნაღის #13 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

თუმცა , საპარლამენტო არჩევნების მერე ნატო უსენაშვილს იბარებდნენ პოლიციასა და პროკურატურაში, რადგან ეუბნებოდნენ, რომ ის იყო დამნაშავე, მათი თქმით, ერთდროულად იღებდა ხელფასს სამსახურიდან და საოლქო საარჩევნო კომისიიდან.

“სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატი მოითხოვდნენ, დამეტოვებინა სამსახური,  გამეთავისუფლებინა თანამშრომლები. რამდენჯერმე მივმართე საკრებულოს, თუმცა უპასუხოდ მტოვებდნენ ან პასუხი ორი-სამი თვის დაგვიანებით მოდიოდა, რაც ხელს მიშლიდა სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებასა  და მოვალეობების დაუბრკოლებელ შესრულებაში“ – განაცხადა, ნატო უსენაშვილმა.

როგორც, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“-ს  წარმომადგენელმა აღნიშნა, 2013 წლის 8 აპრილს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ  ნატო უსენაშვილი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გაათავისუფლა სამსახურიდან. საპასუხოდ , უსენაშვილმა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა, რომელმაც დააკმაყოფილა სარჩელი და უსენაშვილი აღადგინა სამსახურში.

ასევე, 2013 წლის 6 აგვისტოს ნატო უსენაშვილმა კვლავ დაიწყო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება, პარალელურად საკრებულოსა და გამგეობის მხრიდან განახლდა სხვადასხვა კომისიებითა და შემოწმებებით მასზე ზეწოლა, რათა კვლავ დაეტოვებინა სამსახური. საკრებულოს დავალებით შეიქმნა საფინანსო კომისია, რომელმაც დაიწყო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების საბუღალტრო დოკუმენტაციის შემოწმება.

„ შემოწმების შედეგად,  ჩემი წინამორბედების დარღვევებიც მე შემერაცხა.  ასევე საუბრობდენენ, რომ თითქოს მე ხელს ვუშლიდი შემოწმების მიმდინარეობას  მაშინ, როდესაც ჩვენთან  რეალურად არც გამოცხადებულან“ – განაცხადა, მოქალაქე ნატო უსენაშვილმა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“-ს იურისტის განცხადებით, საკრებულომ უსენაშვლი სამსახურში აღდგენიდან ორი თვის შემდეგ ისევ გაათავისუფლა. თუმცა, 2014 წლის 27 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და ნატო უსენაშვილი სამსახურში აღადგინა, რის შესახებაც სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებია და საკრებულომ მისი მუშაობის გარკვეული პერიოდი ახლა უკვე საფინანსო პოლიციას გადაუგზავნა შესამოწმებლად.

უსენაშვილი აცხადებს, რომ მას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, გელა გელაშვილი სამსახურში დარჩენის შემთხვევაში, დაპატიმრებით დაემუქრა,

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს: სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მაჟორიტარ დეპუტატს, შეწყვიტოს მოქალაქე ნატო უსენაშვილის პოლიტიკური ნიშნით დევნა. ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს, გაითვალისწინოს სიღნაღის სასამართლოს გადაწყვეტილებები და არ გამოიყენოს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად. ბოლოს, კი მიმართვა ეხება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, რათა  ნატო უსენაშვილის დარღვეული სამართლებრივი უფლებების აღსადგენად, განახორციელოს საპარლამენტო კონტროლი.

ავტორი: მაკა შამუგია

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი