მთავარი პოლიტიკა აქცია პარლამენტთან – „უკანონო მოსმენები დაკანონდა“

აქცია პარლამენტთან – „უკანონო მოსმენები დაკანონდა“

0 1029

კამპანია „ეს შენ გეხებამ“ 19 დეკემბერს მორიგი აქცია გამართა. აქციის ფარგლებში ერთი საათის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობიდან ოპერამდე ბარდიულებზე პლაკატები იყო გაშლილი.
„ეს შენ გეხებას“ კამპანია 2012 წლის აპრილში ჩამოყალიბდა, როდესაც აპროტესტებდნენ წინა საარჩევნო პერიოდს და ითხოვდნენ მასთქერისა და მასთოფერის შემოღებას. შემდგომ უკვე, 2014 წლის დასაწყისში, მოსმენებთან დაკავშირებით პირველი აქცია გაიმართა, როდესაც პროტესტი მობილურების დაშლით გამოხატეს.
„მოდელი, რომელიც პარლამენტმა მიიღო ჩვენ ვთვლით, რომ არის მანკიერი. დღევანდელი აქციით ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსმევთ მის უარყოფით მხარეებს და პლაკატებზე განთავსებული შეტყობინებებიც ამაზე მიანიშნებს. გარდა ამისა, იგეგმება საკონსტიტუციო სარჩელის მომზადება, იურისტები ამ საკითხზე უკვე მუშაობენ, უახლოეს მომავალში კი დავაანონსებთ თუ როდის შევიტანთ და რა შინაარსის შემცველი იქნება ეს სარჩელი. ასევე ვმუშაობთ ახალ მოდელზე, რომელიც ცვლილებების სახით აისახება კანონში, ამ საკითხთან დაკავშირებით, დავიწყებთ კონსულტაციას პოლიტიკურ პარტიებთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან“, – განაცხადა, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ზვიად დევდარიანმა.
კამპანია „ეს შენ გეხებას“ აქტივისტები შეეცადნენ, პლაკატებზე ასახული მესიჯებით კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ საზოგადოებისათვის, თუ რატომ არის მიუღებელი, ფარულ მოსმენებზე და მიყურადებაზე „უკონტროლო კონტროლი“.
„პირდაპირი მიერთების და იმ ხარვეზების გასაპროტესტებლად ვართ შეკრებილი, რომელიც ჩვენ კანონმდებლობაში დარჩა, იმედი გვაქვს, რომ ამასაც მოვერევით. ეს იქნება, უბრალოდ გამაფრთხილებელი აქცია, შემდგომში სხვა ფორმებსაც აუცილებლად მივმართავთ“, -განაცხადა, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ადამიანის უფლებათა პროგრამის კოორდინატორმა გიორგი ბურჯანაძემ.
„ზოგადად ეს ჩვენი ბრძოლა, ეხება იმას, რომ ადამიანებზე უკანონო თვალთვალი, უკანაონო მოსმენები არ განხორციელდეს. ეს ბრძოლა გუშინ არ დაწყებულა, ეს მრავალი წელია მიმდინარეობს. როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, აქტიურად ვიყავით ჩართული კანონმდებლობის მომზადებაში, ამ კანონმდებლობაში, მივაღწიეთ კიდევაც რამდენიმე წარმატებულ ცვლილებებს, თუმცა მთავარი მიზანი, არ დარღვეულიყო საქართველოს მოქალაქის უფლება უკანონო მოსმენებისგან, სამწუხაროდ ვერ შესრულდა. კანონში დარჩა ნორმა, რის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუძლია, ერთპიროვნულად განახორციელოს მოსმენა და თვალთვალი. კამპანია „ეს შენ გეხება“ გაგრძელდება მანამდე, სანამ ეს ნორმა კანონით არ გაუქმდება“, – განაცხადა, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა.
„ეს შენ გეხებას“ კამპანიაში მონაწილეობას იღებდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია.

ავტორი: მაკა შამუგია

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი