მთავარი საზოგადოება თავისუფალი ქცევა თუ “მენტალური გაუწონასწორებლობა” – ქალთა უფლებები არაბულ ქვეყნებში

თავისუფალი ქცევა თუ “მენტალური გაუწონასწორებლობა” – ქალთა უფლებები არაბულ ქვეყნებში

1 3894

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთში მარტოხელა ქალების შესვლა აიკრძალა რესტორნებსა და კაფე-ბარებში. მიზეზი მათი “გონებრივი გაუწონასწორებლობაა”, რაც გამოიხატება მოწევაში, ალკოჰოლის მიღებასა და საპირისპირო სქესთან ფლირტში. ეს აკრძალვა ჯერ არ გავრცელებულა ყველა დაწესებულებაზე, თუმცა, უამრავი რესტორნის, თუ სხვა საკვები ობიექტის შესასვლელში მეპატრონეებმა გამოკიდეს აბრა: “ქალები არ დაიშვებიან” და მართლაც, დაცვა და თანამშრომლები არ უშვებენ მათ, თუკი მამაკაცი არ ახლავთ თან. ეს ფაქტი ახალი ტალღაა ქალების უფლებების დარღვევისა, რომელიც არაბულ ქვეყნებში არც ისე იშვიათია. აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთში არ არსებობს კანონი, რომელიც ქალებს თანმხლები მამაკაცის გარეშე, გადაადგილებას უკრძალავს ან უზღუდავს, თუმცა, რელიგიური წესების თანახმად, ქალი ხალხში აუცილებლად მამაკაცთან ერთად უნდა გამოჩნდეს – იქნება ეს ძმა, მამა, ქმარი თუ ოჯახის რომელიმე წევრი ან ნათესავი.

უამრავმა ამერიკულმა ბლოგმა, ჟურნალმა და მედია პორტალმა მიაქცია ამ ფაქტს ყურადღება. ჟურნალ  “The Week” – ის ჟურნალისტს  ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონემ განუმარტა  – ” ჩვენ ეს აბრები გამოვკიდეთ, რადგან საკუთარი თვალით მაქვს ნანახი რამდენიმე ინციდენტი. ყველაზე საყურადღებოა ქალების მხრიდან წამოსული ფლირტი მამაკაცების მისამართით, ეს კი მიუღებელია!  აკრძალვას გავაუქმებთ, როცა დავრწმუნდებით, რომ მსგავსი ფაქტები აღარ მოხდება, რამდენადაც ეს უარყოფითად აისახება ჩვენს ბიზნესზე.”

სამწუხარო ფაქტია ის, რომ 21-ე საუკუნეში , საუდის არაბეთში საზოგადოებას მცადრი შეხედულებები და, არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, საერთოდ არ აქვს წარმოდგენა ადამიანის უფლებებზე. შემაშფოთებელია ერთ-ერთი ბლოგერის კომენტარი ამ ფაქტთან დაკავშირებით – “ეს არის საუკეთესო გზა, მოვაცილოთ მარტოხელა ქალები რესტორნებს, სანამ მამაკაცი არ ეხლდებათ თან. მათი ქცევა საფრთხეს უქმნის რესტორნებს. ეს აკრძალვა გონივრულია, ვინაიდან უსამართლობა იქნებოდა  დაწესებულებები დახურულიყო მარტოხელა ქალების მენტალური არასტაბილურობის გამო.”

ალბათ, მთელი ცივილიზებული საზოგადოებისათვის გაუგებარი და გასაკვირი იქნება, მაგრამ “მენტალური არასტაბილურობის” ერთ-ერთ ინდიკატორად ქალების მიერ,  მობილური ტელეფონის გამოყენება სახელდება – ” მე შევესწარი ფაქტს, როცა ქალი შემოვიდა კაფეში. ის სრულიად გადავიდა ზღვარს  – იჯდა და თავის ტელეფონზე იყო ფოკუსირებული! – წერს ერთ-ერთი ადამიანი ინტერნეტში.

ჯერ მარტო ის ფაქტია შემაშფოთებელი, რომ საუდის არაბეთში რესტორნებში ცალკე სექციებია ქალებისათვის და ცალკე მამაკაცებისათვის, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა “ქალების თამამი ქცევისა და ზგვარგადასულობის აღმოსაფხვრელად” – საჭირო გახდა, მდედრობითი სქესის ადამიანს სრულიად აეკრძალოს საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნა.

ქალთა უფლებების დარღვევის ფაქტები , რომელიც არაბულ ქვეყნებში ფიქსირდება, ყოველ ჯერზე საერთაშორისო ორგანიზაციების პროტესტს იწვევს. ისინი მიმართავენ სახელმწიფოს მთავრობას და შესაბამის ორგანოებს, რათა მიიღონ შესაბამისი ზომები, თუმცა, უშედეგოდ. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თანასწორობა სქესის მიუხედავად – ეს ყველაფერი არაბულ ქვეყნებში უხეშად ირღვევა. ქალებს არ აქვთ საზოგადოებაში ხმამაღლა ლაპარაკის უფლება; მათ წელს  პირველად დართეს ნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა და ისინი მომავალ წელს  მისცემენ ხმას სასურველ კანდიდატს; ქალებს არ აქვთ მანქანის მართვის უფლება;  მსოფლიო საზოგადოების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ არაბულ ქვეყნებში არ არსებობს ასაკი, რომელზე ადრეც ქორწინება აკრძალულია. სწორედ ამის გამო, 7-8 წლის ბავშვებსაც კი ათხოვებენ და ეს უამრავი თვითმკვლელობის მიზეზად იქცა.

saudi-woman-drive

მსგავსი წესები ამ ქვეყნებში, ძირითადად, მოდის რელიგიური ნორმებიდან. სწორედ ამაზე მიუთითებენ ამ სახელმწიფოს ხელისუფლებები  მსოფლიო ორგანიზაციებს, მაგრამ საკითხავია – შესაძლოა რელიგია დავაყენოთ ადამიანის ბუნებით უფლებებზე მაღლა?! არსებობს ტრადიციები, რომლებიც აიძულებს ადამიანს, უარი თქვას ბედნიერებისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვაზე?!

მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ ირანის ისლამური რევოლუცია, რომლის შედეგად ირანი კონსტიტუციური მონარქიიდან სახალხო თეოკრატიულ ისლამურ რესპუბლიკად იქცა. თუკი შევადარებთ რევოლუციამდელი ირანის საზოგადოებრივ ცხოვრებას ამჟამინდელს,  დავინახავთ იმ კატასტროფულ შედეგს, რომელიც  რევოლუციამ გამოიწვია – ირანის სახელმწიფომ განვითარების მაგივრად, ასეულობით ნაბიჯით დაიხია უკან და დღეს აქ  ხდება ისეთი ფაქტები, როგორიცაა ქალების სიკვდილით დასჯა.

აქედან გამომდინარე, ალბათ,  მარტივია დავასკვნათ, რომ დღეს საშიშია ტრადიციების, რელიგიური, თუ მორალური ნორმების რომელიმე ძირითად უფლებაზე მაღლა დაყენება და ეს არამარტო არაბული სახელმწიფოების, არამედ მთელი მსოფლიოსათვის არის გასათვალისწინებელი.

026D22F9000004B0-0-image-94_1416846075238

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

1 კომენტარი

  1. ისე არც ჩვენ გვიკლია ბევრი თეოკრატიულ სახელმწიფომდე…ვწუხვარ ძალიან, მაგრამ მეორე მხრივ ჯერ კიდევ მიხარია, რომ ჯერჯერობით საქართველოში რელიგიურ ნორმებს ასეთი რადიკაური გავლენა არ აქვს კანონმდებლებსა და საზოგადოების ნაწილზე მაინც….

დატოვეთ კომენტარი