მთავარი შოუბიზნესი დათო ხუჯაძე: ,,რუსეთის პოლიტიკური ელიტა არის ოკუპანტი და არა რუსეთის მოსახლეობა“

დათო ხუჯაძე: ,,რუსეთის პოლიტიკური ელიტა არის ოკუპანტი და არა რუსეთის მოსახლეობა“

0 3566

არსებობს თუ არა საქართველოში შოუ-ბიზნესი? ეს კითხვა ამ სფეროს წარმომადგენლებისთვისაც საკმაოდ აქტუალურია. თუმცა ამ კითხვაზე პასუხი უფრო უარყოფით კონტექსტში განიხილება ვიდრე დადებითში. უახლოეს წარსულს თვალი რომ გადავავლოთ, მარტივად აღმოვაჩენთ აქტიურ მომღერლებს , რომლებიც სიმღერებსაც წერდნენ, ვიდეო რგოლებსაც იღებდნენ და სოლო-კონცერტებსაც ატარებდნენ, სხვა საკითხია ვინ როგორ ახერხებდა ამას. ერთ-ერთმა საკმაოდ პოპულარულმა მომღერალმა, დათო ხუჯაძემ , საქართველო რამდენიმე წლის წინ დატოვა და რუსეთში გააგრძელა მუსიკალური კარიერა. მომღერალი საქართველოს ხშირად სტუმრობს და ამ ბოლო პერიოდშიც საკმაოდ ხშირად ჩანს ტელე-ეკრანებზე.
,,შენი მედია გუნდი“ გთვაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს დათო ხუჯაძესთან.
-მოგესალმები. ინტერვიუ მინდა დავიწყოთ იმ პერიოდით, როდესაც ყველაზე პოპულარული იყავი, ვგულისხმობ შენს სოლო კარიერას, როდესაც სიმღერა ,,მეგობრებთან ერთად“ იყო ჰიტი.

– ამ სიმღერის შემდეგ, მგონი არც შექმნილა ასეთი მხიარული სიმღერა საქართველოში.(იცინის)

დღეს მკვდარია შოუბიზნესი, ძალიან პატარა ქვეყანა ვართ და ძალიან პატარა ბაზარია , პატარა ქვეყანას არ შეიძლება ჰქონდეს შოუ-ბიზნესი, შეიძლება ჰქონდეს შოუ , მაგრამ ბიზნესი არა.

– მიუხედვად იმისა, რომ აქ ძალიან პოპულარული იყავი, მაინც მიიღე გადაწყვეტილება რომ წასულიყავი ქვეყნიდან, რა იყო ამის რეალური მიზეზი?

– რეალური მიზეზი იყო ის, რომ აქ იმაზე მეტს ვერაფერს მივაღწევდი, რასაც მივაღწიე ,თან რთულია დაიმკვიდრო შენი ადგილი საზღვარგარეთ და საკმაოდ რთულია გავიდეს რაიმე ინფორმაცია პატარა ქვეყნებიდან. რუსეთიდან უფრო გადის ინფორმაცია.

- როცა ჩახვედი რუსეთში, როგორ დაიწყე შენი საქმიანობის გაგრძელება?

– პირველ რიგში საერთოდ მომიწია დავიწყება იმის, რომ აქ პოპულარული ვიყავი აბსოლიტურად ყველაფერი თავიდან დავიწყე.

- ქართველი მომღერლები რამდენად გეხმარებიან?

– არავინ, არც არის ასე ვინმე მოგეხმაროს და ა.შ. ყოველშემთხვევაში ჩემს შემთხვევაში ასე არ იყო და ალბათ არც არავის შემთხვევაში იქნება , მარტივად რომ ვთქვათ კონკურენტი ხდები იმის, ვინც წინ წაგწევს და არა მგონია ეს ვინმესთვის სასიამოვნო იყოს.

- რომ შეაჯამო შენი რუსეთში ამ დრომდე ყოფნა, რას მიაღწიე?

– ბევრ რამეს მივაღწიე, უკვე ხალხი მიცნობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ორჯერ დამაჯილდოვეს ამერიკაში, როგორც საუკეთო მომღერალი ევრაზიაში, სამწუხაროდ რუსეთს წარმოვადგენდი და რაღაც დოზით საქართველოსაც.

- სად ჩნდები , დიდ კონცერტებზე ვერ გხედავთ ხოლმე?

– საკმაოდ ბევრ შოუ-კონცერტში ვიღებ მონაწილეობას.

- ანაზღაურება როგორი გაქვს?

– საკმაოდ სოლიდური, იმდენად სოლიდური რომ საქართველოდან როცა მირეკავდნენ, პასუხი იყო, რომ იმ დროისთვის დაკავებული ვიყავი და ფიზიკურად ვერ შევძლევდი საქართველოში ჩამოსვლას. არ მინდოდა ეფიქრათ, რომ თავში რაღაც ამივარდა.

- რა სირთულეები გხვდება რუსეთში, ხელის შემშლელი ფაქტორები რა არის კონკრეტუალდ?

– პირველ რიგში ის, რომ ქართველი ვარ, ამ ვითარებაში როცა ასეთი პოლიტიკური დაძაბულობაა, არ ხარ სასურველი მასისთვის.

- ბოლო პერიოდში, აქტუალური საკითხი საქართველოში, რუსეთში ქართველი მომღერლების, რუსეთში სიმღერას უკავშირდბება , რა კომენტარს გააკეთებ ამ ფაქტთან დაკავშირებით?

– მე ასე ვიტყვი, არიან ბოღმიანი ადამიანები, რომლებსაც სხვა არაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ გაკიცხონ ადამიანები. დარწმუნებული ვარ იგივე წინადადება რომ შეეთავაზებინათ მათთვის, რაც დანარჩენ მომღერლებს, ჩანთა დაავიწყდებოდათ სახლში ისე გაიქცეოდნენ რუსეთში. მე მიმაჩნია, რომ ვარ ხელოვანი და არავის აქვს იმის უფლება რომ ჩაერიოს ჩემს საქმეში, არცერთ ადამიანს, ეს იქნება ჟურნალისტი თუ პოლიტიკოსი, ჩემს წინსვლაში წვლილი არ მიუძღვით. აქედან გამომდინარე არანაირი უფლება არ აქვთ, რომ მიკარნახონ სად როგორ ვიმღერო. ქართველი თუ მღერის რუსეთში, მადლობა უნდა გადაუხადონ ქართველებმა, რადგან ახსენებს იმ რუსებს რომ ქართველები არსებობენ. ის რომ რუსეთი ოკუპანტია, ეს პოლიტიკაა და საკმაოდ გლობალური ცნებაა. ჩემთვის ყველა რუსი ოკუპანტი არ არის, არის გარკვეული წრე,რომელიც აქ გარკვეულ წრეს ვერ მოელაპარაკა. ზოგი იქით გაიყიდა, ზოგი აქეთ და ამათ გამო ხალხი არ უნდა ისჯებოდეს. მე ვთვლი რომ რუსეთის პოლიტიკური ელიტა არის ოკუპანტი და არა რუსეთის მოსახლეობა.

- ცოტა მსუბუქ თემებზე გავაგრძელოთ საუბარი, გეგმავ თუ არა უახლოეს მომავალში ახალი ვიდეოს გადაღებას?
– ახალი კლიპი რუსულ სიმღერაზე, 10 დღის წინ პარიზში გადავიღე და მალე გავა სატელევიზიო ეთერში.

– საქართველოში ბოლო პერიოდში აქტიურად ჩანხარ, რას უკავშირდება ეს ფაქტი?

– პირველ რიგში ქართველი ვარ. ვთვლი ახლა აღარ არის საჭირო, ჩემი იქ ყოფნა სადაც ვცხოვრობდი, რადგან ნებისმიერ დროს შემიძლია გადავფრინდე. ჩემი ყველანაირი საქმე ამ ეტაპზე რუსეთშია, ცხოვრება კი ,რა თქმა უნდა, ჩემს ქვეყანაში ჯობია.

- ანუ აქ იცხოვრებ და იქ იმუშავებ?

– კი. ასე გამოდის.

- ჩემი ბოლო შეკითხვა კი უკავშირდება, უახლოეს გეგმებს საქართველოში?

– თებერვალში ვგეგმავ სოლო კონცერტის გაკეთებას, ფილარმონიაში, შესაბამისად ვაწარმოებ მოლაპარაკებებს. ეს კონცერტი იქნება საქველმოქმედო და შემოსული თანხა, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ფონდში გადაირიცხება.

- დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო ,,შენი მედია გუნდის“ სახელით, გისურვებთ წარმატებებს.

– დიდი მადლობა პირიქით თქვენ.

 

ავტორი: მარიამ ქობულია

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი